ტრანსგენდერ ქალებზე ძალადობისთვის სამი პირი დააკავეს
თბილისში დაკავებულია სამი პირი, რომლებსაც ბრალად ედება ორი ტრანსგენდერი ქალის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.რ, 1994 წელს დაბადებული ბ.მ. და 1994 წელს დაბადებული ბ.ბ. შსს-ს განცხადებით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ღამით, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხმა პირმა ორ ტრანსგენდერს გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.“ შსს-ს ცნობითვე, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი მათგანი დააკავეს, მეოთხე პირის დასაკავებლად კი მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.
შსს-ს ინფორმაციით, ორივე დაზარალებულს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა და ტარდება სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე. შსს-ს განცხადებით, საქმეზე მონიტორინგს ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რათა გამოძიება შემჭიდროებულ ვადებში, ყოველმხრივ და ობიექტურად წარიმართოს.