მალხაზ კობაურის ადვოკატები ნაფიცი მსაჯულების მოწვევას მოითხოვენ
ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ, 19 წლის მწყემსის მალხაზ კობაურის დაცვის მხარე სასამართლო პროცესში ნაფიცი მსაჯულების მოწვევას მოითხოვს. წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 ნოემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.
პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმდა. ბრალის დამძიმების საფუძვლად მთავარი პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ასახელებს: „გამოძიების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, მალხაზ კობაურს ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმითის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.“
მალხაზ კობაურის ადვოკატებმა, ალექსანდრე კობაიძემ და ვასილ მამულაშვილმა დღეს, პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის დასამძიმებლად არანაირი დამატებითი მტკიცებულებები არ არსებობს.
“გვეუბნებიან, რომ კობაურმა გაიტყუა ბავშვი და ქალი ღირშესანიშნაობების სანახავად. ჯერ მოკლა კაცი და ბავშვი, შემდეგ ჩანჩქერთან ქალზე იძალადა და დაახრჩო. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ კობაურის დე-ენ-ემი არ აღმოჩნდებოდა გვამებზე. გამოძიება გვედავება, რომ კობაურმა გვამი მოიკიდა და გადაიტანა ერთი ადგილიდან მეორეზე. კობაურზე მეტი წონის ადამიანი მივიყვანეთ ექსპერიმენტისას და მათ იმ პერიმეტრზე ვერ ათრიეს სმიტის წონის გვამი. იმედი გვაქვს რომ ნაფიცი მსაჯულები არსებულ მტკიცებულებებზე მოადხენენ ორიენტირებას."
ბრალის დამძიმებამდე, კობაურს ედავებოდნენ რაიან მაიკლ სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის, ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას.
„თუ აქამდე მკვლელობის მოტივი იყო შელაპარაკება იარაღის გამო, ეს მოტივები გაქრა და ახლა საუბარია იმაზე, რომ თურმე კობაურმა ლორა სმიტი გაიტყუა და ქალი 1,5 საათის განმავლობაში ელოდებოდა თავისი ქმრისა და ბავშვის დაბრუნებას, ეს სრული აბსურდია”. – აცხადებენ ადვოკატები.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ ითვალისწინებს.