20-მდე გაიზარდა ქერჩის კოლეჯზე თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 20 ადამიანია მოკლული პოლიტექნიკურ კოლეჯზე თავდასხმისას. მანამდე დადასტურებული იყო 19 ადამიანის დაღუპვის ფაქტი. ქერჩის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დილიავერ მელგაზიევმა დღეს დილით ჟურნალისტებს აცნობა, რომ დაღუპულია კოლეჯის 15 სტუდენტი, მათგან 6 არასრულწლოვანი და სასწავლებლის 5 თანამშრომელი. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქერჩის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია 10 დაჭრილი, რომელთაგან 5 კომაშია. სულ საავადმყოფოში გადაიყვანეს 55-მდე დაშავებული.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში ხალხი ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა ამავე კოლეჯის მეოთხე კურსის სტუდენტმა, 18 წლის ვლადისლავ როსლიაკოვმა, რომელმაც თავი მოიკლა. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კოლეჯის შენობაში აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობაც. თავდაპირველად საქმე აღიძრა ტერაქტის მუხლით, თუმცა, მოგვიანებით კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სააგენტო „ინტერფაქსის“ წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელს კონფლიქტი ჰქონდა კოლეჯის ერთ-ერთ პედაგოგთან.
ქერჩის ტრაგედიის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინის პროკურატურამაც. მან მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.