აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საუდის არაბეთის მეფეს ესაუბრა ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთში შეხვდა ამ ქვეყნის მეფე სალმანს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების შესახებ სასაუბროდ. ვარაუდობენ, რომ ხაშოგი, რომელიც კრიტიკულ სტატიებს წერდა საუდის არაბეთის ტახტის მემკვდირეზე, მოკლულია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პომპეო რიადში გააგზავნა მას შემდეგ, რაც თვითონ ესაუბრა საუდის არაბეთის მეფეს ხაშოგის გაუჩინარების შესახებ. დისიდენტი ჟურნალისტის კვალი დაიკარგა მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ წავიდა სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში. პომპეო შეხვდა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც, რის შემდეგაც დაგეგმილი იყო საუბარი ტახტის მემკვიდრესთან, მუჰამად ბინ სალმანთან. ამასობაში, თურქეთის მედიამ გაავრცელა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადება, რომლის თანახმადაც პოლიცია ეძებდა „მომწამვლელ ნივთიერებებს“ საუდის არაბეთის საკონსულოში. საუდის არაბეთის შემდეგ პომპეო თურქეთს ეწვევა. ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ საუდის არაბეთს „მკაცრი სასჯელი“ მოელის, თუ მისი ხელი ურევია ჟურნალისტის გაუჩინარებასა და სავარაუდო მკვლელობაში. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, საუდის არაბეთმა შესაძლოა აღიაროს, რომ ხაშოგი მოკლულ იქნა საკონსულოში დაკითხვის დროს.