ძალაში შევიდა შეთანხმება ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შესახებ
სამშაბათს, 16 ოქტომბერს, ძალაში შევიდა შეთანხმება ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შესახებ. ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საზღვრების ოფიციალური დადგენა ხელს შეუწყობს ორი რეგიონის შემდგომ ინტეგრაციას.
26 სექტემბერს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერებმა, იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ორ რეგიონს შორის ადმინისტრაციული საზღვრების გამყარების შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს ტერიტორიების გაცვლას. რესპუბლიკების პარლამენტებმა დაამტკიცეს შეთანხმება საზღვრების შესახებ. ამასთან, ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ შეთანხმების დამტკიცება მხოლოდ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით შეიძლება.
ინგუშეთის ლიდერმა, იუნუს-ბეკ ევკუროვმა მოგვიანებით განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სპონტანურად, საგზაო სამუშაოების თაობაზე კონფლიქტის ფონზე. მისი სიტყვებით, კადიროვთან ამჟამინდელი მოლაპარაკებები დაიწყო ინგუშეთის მოსახლეობის უკმაყოფილების გამო, როცა მოსახლეობამ სასაზღვრო რაიონში აღმოაჩინა ჩეჩნეთის საგზაო ტექნიკა და დაასკვნა, რომ ჩეჩნები ინგუშების ტერიტორიაზე გადავიდნენ.
4 ოქტომბერს ინგუშეთში დაიწყო საზღვრის თაობაზე შეთანხმების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია, რომელიც თავიდან არ იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებული. მოგვიანებით ხელისუფლებამ გასცა 15 ოქტომბერს მიტინგის ჩატარების სანქცია. დღეს პიატიგორსკში იმართება ინგუშეთის საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეხვედრა ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელთან, ალექსანდრ მატოვნიკოვთან.