ეკვადორმა მის საელჩოში მცხოვრები ჯულიან ასანჟი დაავალდებულა, დაიცვას მკაცრი განაწესი
ეკვადორმა „ვიკილიკსის“ დამაარსებელი ჯულიან ასანჟი, რომელიც ლონდონში ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს, დაავალდებულა, დაიცვას ყოველდღიური ყოფითი განაწესი, ასევე უარი თქვას პოლიტიკურ განცხადებებზე, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მოუტანოს ეკვადორის ინტერესებს ანდა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევად შეიძლება გამოიყურებოდეს. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს ინტერნეტში გამოქვეყნებულ ნორმატივებზე დაყრდნობით.
დოკუმენტის თანახმად, ასანჟმა და მისმა სტუმრებმა „სისუფთავე უნდა დაიცვან“ ტუალეტსა და სხვა სათავსოებში. ოქმი მას ავალდებულებს მზრუნველობას კატაზე, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს. დოკუმენტში წერია, რომ თუკი პატრონი სათანადო ყურადღებას არ დაუთმობს მას, ცხოველი სხვას გადაეცემა.
ასანჟსა და მის სტუმრებს ეკრძალებათ შენობაში ნებისმიერი არასანქცირებული მოწყობილობის შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში საელჩო იტოვებს აპარატურის ჩამორთმევის უფლებას. ასევე იტყობინებიან, რომ საელჩო 2018 წლის 1 დეკემბრიდან ასანჟს აღარ გადაუხდის კვების, რეცხვისა და სხვა ხარჯებს. ამიერიდან ასანჟი ვალდებულია, სამ თვეში ერთხელ გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რაც თავად უნდა დააფინანსოს. ასანჟის ადვოკატმა კარდოს პოვედამ ჩამოთვლილ წესებს „ციხის“ პირობები უწოდა.
„ვიკილიკსის“ დამაარსებელმა ეკვადორის საელჩოს თავი შეაფარა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ის უნდა გადაეცათ შვედეთისთვის, სადაც მას გაუპატიურების ბრალდებას უყენებდნენ. ამჟამად ეს ბრალდებები მოხსნილია, მაგრამ ასანჟი უარს ამბობს საელჩოს დატოვებაზე, ვინაიდან ეშინია შესაძლო ექსტრადიციისა აშშ-ში, სადაც მას შეიძლება 35 წლით პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ.
ასანჟი უარყოფს რუსეთთან კავშირს, მაგრამ ადრე ცნობილი გახდა, რომ შარშან რუსეთი მუშაობდა დიდი ბრიტანეთიდან ასანჟის გაქცევის გეგმაზე, მაგრამ პოლიტიკური რისკების გამო უარი თქვა მასზე.