Transparency International: „განგაში საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების მომეტებული ნიშნებისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის გამო“
"დემოკრატიული მმართველობის ბოლოდროინდელი უკუსვლა უკიდურესად შემაშფოთებელია. უდიდესი სირცხვილი იქნება, თუკი საქართველოს პროგრესს კანონის უზენაესობის გაუმჯობესების მიმართულებით, ჩაანაცვლებს კლეპტოკრატია და კორუფციის დაუსჯელობა", - აცხადებს Transparency International-ის თავმჯდომარე, დელია ფერეირა რუბიო.
Transparency International-ის ბერლინის სამდივნო ავრცელებს განცხადებას, რომლის სათაურია - „განგაში საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების მომეტებული ნიშნებისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის გამო“. განცხადებაში აღწერილია ამბავი, რომელიც უკავშირდება „საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველოსა“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხელისუფლებისგან გავრცელებული ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიების მოთხოვნასა და მასზე პარლამენტის თავმჯდომარის, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის გამოხმაურებას. „ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ჩათვლით, „ფაშიზმის მხარდამჭერები“ უწოდა“.
Transparency International-ის ბერლინის სამდივნო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას: „უარი თქვას უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომლებმაც შეიძლება არჩევნების დროს ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოების დამკვირვებლებს. მთავრობამ აგრეთვე სრულად უნდა გამოიძიოს მასშტაბური კორუფციის შესახებ ბრალდებები, რომლებიც ფარული ჩანაწერების გაჟონვის შედეგად წარმოიშვა“.