ირანმა წარადგინა ახალი ბალისტიკური რაკეტა
ირანმა წარადგინა ახალი თაობის, მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა და განაცხადა, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს მის შესაძლებლობებს, რითიც უგულებელყო აშშ-ის მოთხოვნა ირანმა შეწყვიტოს ამგვარი მაღალი დონის იარაღის განვითარება. ირანის სახელმწიფო მედია 13 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ახალმა რაკეტამ, სახელად ფატეჰ-ე მობინი, ანუ "ნათელი დამპყობელი", წარმატებით გაიარა გამოცდა და შეუძლია მიზანში ამოიღოს ობიექტები როგორც ხმელეთზე, ისე წყალზე. "როგორც ჩვენს ძვირფას ხალხს დავპირდით, ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ქვეყნის სარაკეტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ჩვენს სარაკეტო ძალას ნამდვილად ყოველდღიურად გავაძლიერებთ" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ამირ ჰათამიმ სახელმწიფო ტელევიზიით. მას ახალი რაკეტის რადიუსი არ დაუკონკრეტებია, თუმცა, როგორც ვაშინგტონში განთავსებული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი იუწყებოდა, ამ რაკეტის წინა ვერსიების რადიუსი 300 კილომეტრამდე იყო. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს მოუწოდებს ჩაერთოს ახალი ბირთვული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებაში - ხელშეკრულების, რომელიც ირანს წაართმევს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას და შეზღუდავს მისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამას.