ზუგდიდის სასამართლომ „კორცხელის საქმეზე“ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო
ბრალდებულებს განაჩენი შეცვლილი, 125-ე მუხლით გამოუტანეს. მანამდე მათ ბრალი ხულიგნობის მუხლით ჰქონდათ წარდგენილი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც, მოსამართლის სიტყვებით, პროკურატურამ ვერ წარადგინა.
გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ დღეს, რამდენიმესაათიანი შესვენების შემდეგ, გამოაცხადა. სასამართლო განხილვები წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ინციდენტთან დაკავშირებით დაიკითხა 102 მოწმე. საქმეში არსებული მასალები შეადგენს რვა ტომს.
2016 წლის 22 მაისს შუალედურ არჩევნებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შედეგად ექვსი ადამიანი საავადმყოფოშიც მოათავსეს სხვადასხვა დაზიანებით, მათ შორის ორი პოლიციელი. ინციდენტისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.