ზაზა სარალიძემ გერმანიის საელჩოს მიმართა, სუსი კი გერმანიაში წერილის გაგზავნას უარყოფს
„ველოდები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პასუხს, თუ რატომ მოიქცა ხელისუფლება ასე. რატომ მომექცა არა მარტო მე, არამედ მალხაზ მაჩალიკაშვილს. რატომ დამადანაშაულეს ტერორისტობაში. ფაქტია, რომ ტერორისტობაში დამადანაშაულეს“ - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ. ის გერმანიის გავლით სტრასბურგში აპირებდა ჩასვლას ელისო კილაძესა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მიყენებული სასიკვდილო ჭრილობით გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად. ისინი აცხადებენ, რომ 5 აგვისტოდან დაგეგმილი ვიზიტი, რომლის დროსაც სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულზე უნდა ესაუბრათ, მიზანმიმართულად ჩაუშალა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელმაც გერმანიას წერილობით აცნობა, რომ ამ ჯგუფში არიან ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულებიც, კერძოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მსგავსი წერილი გერმანიაში არ გაუგზავნიათ.