სალომე ზურაბიშვილი კენჭს იყრის საქართველოს პრეზიდენტად
მისივე თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, უმთავრესი მიზანი იქნება საქართველოს სტაბილურობა და გაერთიანება, რაც არ გულისხმობს მხოლოდ ტერიტორიულ მთლიანობას. მათ შორის სალომე ზურაბიშვილმა დაასახელა საზოგადოების გაერთიანება ქვეყნისთვის მთავარ საკითხებზე, რადგან ზურაბიშვილის განცხადებით, განხეთქილება ხელს აძლევს მხოლოდ საქართველოს მტერს.
ჟურნალისტების შეკითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს მის კანდიდატურას „ქართული ოცნება,“ ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ამ პარტიის ნაცვლად ვერ ისაუბრებს. სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, დღემდე მას კონსულტაციები არ ჰქონია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან. ამასთან, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მხარდაჭერის მოსაპოვებლად სხვადასხვა ძალასთან გამართავს კონსულტაციებს, რადგან "დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის ეული კანდიდატი." რაც შეეხება კამპანიის დაფინანსებას, სალომე ზურაბიშვილმა ბიზნესმენებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.