ვიცე-პრეზიდენტი დოსტუმი თავდასხმას გადაურჩა ქაბულში ჩასვლისთანავე
ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი აბდულ რაშიდ დოსტუმი, რომელიც ერთწლიანი დევნილობის შემდეგ დღეს დაბრუნდა თურქეთიდან, ქაბულის აეროპორტში გადაურჩა მასზე ჩაფიქრებულ თავდასხმას. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, დოსტუმის კორტეჟმა აფეთქებამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე დატოვა ქაბულის აეროპორტის ტერიტორია, რომლის შესასვლელთან თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას სულ ცოტა 10 ადამიანი შეეწირა. დახოცილთა შორის არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. „მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს“, - განაცხადა ქაბულის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰაშმატ სთანეკზაიმ. აფეთქების დროს ქაბულის აეროპორტის შესასვლეlთან იმყოფებოდა დოსტუმის ასობით მომხრე, რომელიც იქ მივიდა დევნილობიდან დაბრუნებული გავლენიანი ეთნიკური უზბეკების შეიარაღებული გაერთიანების მეთაურის დასახვედრად. ავღანეთის გენერალურმა პროკურატურამ ერთი წლის წინ დოსტუმის ცხრა თანამშრომლის დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილი არიან დოსტუმის პოლიტიკური მოწინააღმდეგის გატაცებასა და წამებაში.