ვინ გააქრო გიორგი კვირიკაშვილი?
მართალია, მიზეზებზე ლაპარაკისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებს ახსენებდნენ, მაგრამ, ბევრის აზრით, ეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო. ვითარება გაუგებარია საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომელმაც შესაბამისი შეკითხვები ნატოს სამიტზე ყოფნის დროს ბრიუსელშიც გაიმეორა. მისი თქმით, არა მხოლოდ უცხოელი პარტნიორებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც გაუგებარია, „რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი; შემდეგ რატომ გაქრა („ქართული ოცნების“) პოლიტსაბჭოდან და, ფაქტობრივად, სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება. რა დააშავა ამ ადამიანმა?“ პრეზიდენტს არ სჯერა, რომ, აღიარებული წარმატებების პირობებში, გიორგი კვირიკაშვილის პოსტიდან გადადგომა ეკონომიკურმა პრობლემებმა განაპირობა.
მართალია, გასაკეთებელს ჯერ ისევ ბევრს ხედავენ, მაგრამ კვირიკაშვილის პრემიერობისას მიღწეულ „შთამბეჭდავ“ წარმატებებზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის ახალი სახეებიც ლაპარაკობდნენ 13 ივლისს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე. ოპოზიციას ეჭვი ეპარება, რომ, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, ახალი მინისტრები წნეხს დიდხანს გაუძლებენ.