პატრიარქმა თავის მოსაყდრეს გადასცა ეკლესიის უმაღლესი ჯილდო
საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მისი მოსაყდრე, მეუფე შიო დააჯილდოვა ბრილიანტის ჯვრით, რომლის მფლობელი მიტროპოლიტი უპირატესია სხვა მღვდელმთავრებზე. სხდომის შემდეგ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, პეტრემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სინოდის წევრებმა პატრიარქისგან მიიღეს განმარტება შეკითხვებზე მოსაყდრის შესახებ, რომელიც საპატრიარქოს დებულებიდან გამომდინარე არსებობდა. მეუფე პეტრეს შეკითხვები არ დაუკონკრეტებია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თავის მოსაყდრედ 2017 წლის 23 ნოემბერს დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო მუჯირი.
რაც შეეხება რუსეთის ეკლესიისგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხს, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტის, ზოსიმეს განცხადებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.