ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში უმუშევრობის დონე 13,9%-ია
2016 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე შესაბამისად, 0,5 და 0,4 პროცენტული პუნქტებით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე შემცირებულია 1,5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში ეს მაჩვენებელი გაზრდილია 0,8 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1,6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0,8 პროცენტული პუნქტით.
„საქსტატის“ ანგარიშის თანახმად, ტრადიციულად, დასაქმებულთა უმრავლესობას თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, თუმცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კლების ტენდენცია ფიქსირდება. კერძოდ, 2017 წელს თვითდასაქმებულთა წილი 51,7%-ს შეადგენდა, რაც 1,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
2017 წელს 2016 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე გაზრდილია თბილისში და შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში. 2017 წელს უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე კვლავ ფიქსირდება 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში და 29,6%-ს შეადგენს.