კიევში დაკავებული რუსული სააგენტოს ხელმძღვანელი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი
უკრაინის უშიშროების სამსახური სახელმწიფო ღალატსა და ქვეყნის საწინააღმდეგო საინფორმაციო საქმიანობაში ადანაშაულებს რუსული სააგენტოს, „რია-ნოვოსტის“ უკრაინული სამსახურის უფროსს, კირილ ვიშინსკის. ის 15 მაისს, კიევში დააკავეს. ვიშინსკიმ 2015 წელს მიიღო რუსეთის მოქალაქობა, თუმცა, უკრაინის მოქალაქედაც დარჩა. უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილის, ვიქტორ კონონენკოს განცხადებით, კირილ ვიშინსკი მოსკოვის დავალებით ამზადებდა საინფორმაციო მასალებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გასამართლებლად და დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტების მხარდასაჭერად და უკრაინის საწინააღმდეგო საქმიანობისთვის ყოველთვიურად იღებდა 52 ათას ევროს. ვიქტორ კონონენკოს ინფორმაციით, ეს თანხა რუსეთიდან უკრაინაში სერბიის გავლით ირიცხებოდა. სააგენტოს სხვა თანამშრომლებს ჯერჯერობით მოწმის სტატუსი აქვთ. „რია ნოვოსტის“ საქმეზე უკრაინის უშიშროების სამსახურის და პროკურატურის თანამრომლებმა კიევში ჩხრეკა ჩაატარეს ხუთ მისამართზე, მათ შორის სააგენტოს ოფისში და ვიშინსკის ბინაში. „სამიზნე ზუსტი იყო, რადგან დიდი ხანია არ მახსოვს, რომ ჩხრეკის დაწყებიდან ერთ საათშივე რეაქცია გამოეხატათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და პრეზიდენტის პრესმდივანს“ - განაცხადა ვიქტორ კონონენკომ. მისი ინფორმაციით, ვიშინსკის სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილია რუსეთის სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის მედალი "ყირიმის დაბრუნებისთვის." კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა კირილ ვიშინსკის დაკავებას აღმაშფოთებელი უწოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი კიევს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.