აქციის მონაწილეები შს მინისტრთან შეხვედრის შედეგებს ელოდებიან
აქციის მონაწილეებთან შეხვედრისთვის მზადყოფნა შს მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოხატა. მან განაცხადა, რომ მზად არის, მივიდეს აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებთან და მათთან ერთად განიხილოს 12 მაისს განვითარებული მოვლენები - კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები. „მზად ვარ, ადგილზე ვუპასუხო დასმულ შეკითხვებს. მჯერა შევძლებთ, რომ დავამშვიდოთ სიტუაცია და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი“ - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ. მინისტრის თქმით, პოლიცია რუსთაველის გამზირზე ვითარებას სრულად აკონტროლებს და „პოლიცია გააკეთებს მაქსიმუმს“ იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დაპირისპირება.