ტრამპი ირანს აფრთხილებს არ განაახლოს ბირთვული პროგრამა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს არ განაახლოს მისი ბირთვული პროგრამა - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკა ტოვებს საეტაპო მნიშვნელობის ბითვულ ხელშეკრულებას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და თეირანს შორის. "ირანს ვურჩევდი არ დაიწყონ მათი ბირთვული პროგრამა" - განაცხადა ტრამპმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის წინ. "ამას ძალიან მკაფიოდ ვურჩევდი. ამას თუ გააკეთებენ, შედეგები მძიმე იქნება" - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს. 8 მაისს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გადის ხელშეკრულებიდან და დაუყოვნებლივ აღადგენს მკაცრ სანქციებს. ხელშეკრულებამ, რომელსაც ირანთან მიაღწიეს აშშ-მა, რუსეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ, ირანს სანქციები მოუხსნა, თეირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ. ხელშეკრულება, რომლის მიზანი იყო ირანს არ მოეპოვებინა ატომური ბომბი, ხშირად ხდებოდა ტრამპის მხრიდან კრიტიკის სამიზნე - ის მას უწოდებდა "საშინელ, ცალმხრივ შეთანხმებას, რომელიც არასოდეს არ უნდა გაფორმებულიყო". 9 მაისს თეირანი სიბრაზით გამოეხმაურა ტრამპის გადაწყვეტილებას. პარლამენტის სპიკერმა, ალი ლარიჯანიმ ირანის ბირთვულ უწყებას სთხოვა მოემზადოს "ბირთვული მოქმედებების ყველა ასპექტის განახლებისთვის". ირანის კანონმდებლებმა ცეცხლი წაუკიდეს ქაღალდისგან დამზადებულ აშშ-ის დროშას და სკანდირებდნენ "სიკვდილი ამერიკას".