ბათუმელებმა "უკვდავი პოლკის" აქციის მონაწილეებს მოთხოვეს საბჭოთა სიმბოლიკის მოხსნა
9 მაისის აღსანიშნავად ბათუმში გაიმართა „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა. ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა პატივსაცემად „უკვდავი პოლკის“ მსვლელობის ინიციატორი რუსეთია და იქ უკვე რამდენიმე წელია იმართება მსგავსი აქცია. რადიო თავისუფლების ბათუმელი კორესპონდენტის ინფორმაციით, ევროპის მოედანთან შეკრებილი ასამდე ადამიანი მემედ აბაშიძის გამზირის გავლით გაემართა ბათუმის ცენტრალური პარკისკენ. მსვლელობის მონაწილეებს გზად დახვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, რომლებმაც რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს და აქციის მონაწილეებს საბჭოთა სიმბოლიკისა და "გეორგიევსკის ლენტების" მოხსნა მოთხოვეს, იმ მიზეზით, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მათი საჯაროდ გამოყენება აკრძალულია. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს და მსვლელობის მონაწილეებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც, რომელიც პოლიციამ აღკვეთა. მსვლელობის მონაწილეებს მოქალაქეთა ჯგუფი პროტესტის ნიშნად დახვდა ბათუმის ცენტრალურ პარკთანაც. „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაში მონაწილეობდნენ „საქართველოს სლავი ხალხების ეროვნული კონგრესის,“ „საქართველოში რუს თანამამულეთა კავშირის“ და „საქართველოს კაზაკთა კავშირის“ წარმომადგენლები. მსვლელობის ზოგიერთი მონაწილე აცხადებდა, რომ რუსეთიდან ჩამოსული ტურისტია და არ იცოდა, რომ საქართველოში აკრძალულია საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები წინასწარ გააფრთხილა, რომ საჯარო სივრცეში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია.