გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში შევიდა საჩივარი მოხის მეჩეთის საქმეზე
მოხეში მდებარე ისტორიული შენობის გადმოცემას ადგილობრივი მუსლიმი თემი წლების განმავლობაში ითხოვდა. 2014 წელს კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ შენობის დემონტაჟის პროცესი დაიწყო, რასაც მუსლიმების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულის შემდეგ საპატრიარქომ შენობის კონფესიურ კუთვნილებაზე გამოთქვა პრეტენზია, რის საფუძველზეც იგი მთავრობამ სადავო ნაგებობად მიიჩნია. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შენობას სადავო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კონფესიური წარმომავლობის შესწავლის გარეშე მიანიჭა, ადგილობრივ მუსლიმ თემს კი სოფელში ახალი მეჩეთი აუშენა. მუსლიმი თემის ნაწილი გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და ლოცვას ღია ცის ქვეშ განაგრძობს.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მოსარჩელეები რესტიტუციის პოლიტიკის დისკრიმინაციულობას ასაჩივრებენ, თანასწორობის პრინციპების დაცვასა და რელიგიურ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული დავების ინსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოფილი სამართლიანი მექანიზმით გადაჭრას ითხოვენ.