საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ერევანში იმყოფება
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სომხეთის რესპუბლიკაში. 2 მარტს, ერევანში გაიმართება პრემიერ-მინისტრების, გიორგი კვირიკაშვილის და კარენ კარაპეტიანის პირისპირ შეხვედრა, რომელიც სამთავრობო დელეგაციების შეხვედრით გაგრძელდება. ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანსაც. გიორგი კვირიკაშვილი ეწვევა ერევნის შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრს, „თუმოს.“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთში გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი 2017 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობისადმი პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების პროცედურის გამო.