ფიფა ააქტიურებს რუსეთის ფეხბურთში დოპინგის შესაძლო გამოყენების გამოძიებას
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) ააქტიურებს რუსეთის ფეხბურთში დოპინგის შესაძლო გამოყენების გამოძიებას და საამისოდ დახმარებას სთხოვს გრიგორი როდჩენკოვს - პირს, რომელმაც ფარდა ახადა რუსეთში დოპინგის მასშტაბურად, სახელმწიფოს ხელშეწყობით გამოყენების სისტემას. 2006-2015 წლებში როდჩენკოვი ხელმძღვანელობდა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიას და 2015-ში გაამხილა ინფორმაცია დოპინგის შესახებ, რასაც მოჰყვა რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაცია ოლიმპიურ თამაშებსა და სხვა ასპარეზობებზე. ფიფას გამოძიების ფონს ქმნის რუსეთის მზადება წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისათვის. როგორც ფიფას აქამდე აქვს ნათქვამი, ის არ მოელის, რომ რუსეთში დოპინგის სკანდალი გავლენას მოახდენს მსოფლიო ჩემპიონატზე. აქამდე ფიფას არ მიუმართავს უშუალოდ როდჩენკოვისათვის მიუხედავად იმისა, რომ მის ხელთ არსებული სამხილებით დამტკიცდა რუსეთის ფეხბურთში დოპინგის გამოყენების 34 შემთხვევა - მათ შორის შემთხვევები, რომლებიც უკავშირდება რუსეთის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ შემთხვევებზე საუბარია მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს ანგარიშში.