ევროკავშირის მინისტრებმა სასწრაფო შეხვედრა დანიშნეს რუსეთისთვის ახალ სანქციებზე სამსჯელოდ
ბორელის თქმით, ის ნიუ-იორკში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას იწვევს საიმისოდ, რომ კოორდინირება გაეწიოს ერთიან პასუხს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის "მიუღებელ" მუქარებზე.
მანამდე, 21 სექტემბერს პუტინმა გასცა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ბრძანება და თქვა, რომ მუქარა იმის შესახებ, რომ ის ყველა საშუალებას გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიის დასაცავად, "არ არის ბლეფი". მისი სიტყვები ფართოდ იქნა აღქმული მინიშნებად რუსეთის ბირთვულ არსენალზე.
ბორელის თქმით, ევროპისთვის ატომური იარაღის გამოყენებით დამუქრება "არის რეალური საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის, და საერთაშორისო თანამეგობრობამ რეაგირება უნდა მოახდინოს".
ევროკავშირის მინისტრებმა ეს საფრთხე უნდა განიხილონ, კიდევ ერთხელ უნდა განაცხადონ უკრაინის ურყევი მხარდაჭერა და "საერთაშორისო თანამეგობრობას შეატყობინონ ის მიუღებელი სიტუაცია, რომელსაც პუტინი ყველა ჩვენგანს გვიქმნის" - თქვა ბორელმა. ამასთან, მინისტრები იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს რუსეთზე ზეწოლა, და სანქციების საკითხიც "ნამდვილად იქნება დღის წესრიგში" - დასძინა მან.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, პუტინის აგრესიული სიტყვები მეტი სანქციის დაწესებას მოითხოვს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა პუტინის სიტყვები მხოლოდ ხმამაღალ მუქარად მიიჩნია, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, არ ვფიქრობ რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებსო. "არა მგონია მსოფლიომ მას ამ იარაღის გამოყენების საშუალება მისცეს" - უთხრა ზელენსკიმ გერმანიის გაზეთ Bild-ის სატელევიზიო სადგურს.