ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა - კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ტატო გრიგალაშვილი ავიდა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალის გზაზე ოთხი შეხვედრა მოიგო. საჩემპიონო ბრძოლაში კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბელგიელ მატიას კასეს დაუპირისპირდა და მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალში და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების რეპეშაჟის ფინალში განცდილი მარცხის გამო აუღო რევანში.
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. პირველი ტიტული მან 2020 წელს მოიპოვა.
დღეს, ევროკონკურენციაში საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილიც (73 კგ) ჩაება, მაგრამ შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა.
ევროპის ჩემპიონატი 1 მაისს დასრულდება. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე (ორივე 100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).