მეთიუ ბრაიზა: თუ ანაკლიის პორტი ჩავარდა ეს ნამდვილი ტრაგედია იქნება
მისი შეფასებით, ანაკლიის პორტს საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს.
„ანაკლიის პორტი სტრატეგიული თვალაზრისით საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობისაა. ის საქართველოსთვის წარმოადგენს მთელი მსოფლიოდან ფართომასშტაბიანი გადაზიდვების განხორციელებაზე პირდაპირი წვდომის საშუალებას.
პორტი მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
მაგალითად, აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში სხვადასხვა მასალების, საკვებისა და სხვა სამხედრო ტვირთის მისაწოდებლად შესაძლოა, განიხილონ ანაკლიის პორტის გამოყენება, ნაცვლად თურქული პორტისა, როგორიცაა მერსინი.
ასე რომ, გაცილებით მეტი ბიზნესი იქნება, გაცილებით მეტი ეკონომიკური აქტივობა, რაც გააძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. პორტი ასევე ჩამოაყალიბებს საქართველოს, როგორც გლობალურ სავაჭრო ჰაბს, რაც შესანიშნავი იქნება მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისა და ზოგადი უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ბრაიზამ.
რაც შეეხება უშუალოდ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, მეთიუ ბრაიზას თქმით, ამერიკის მთავრობაში მათ იცნობენ, როგორც პროფესიონალ და წესიერ ადამიანებს.
"ბადრი ჯაფარიძეს ამერიკის მთავრობაში იცნობენ, როგორც ჭეშმარიტ პროფესიონალსა და უწესიერეს ბიზნესმენს. ის ჩვენთვის მისაბაძი ადამიანია. იგივეს ვფიქრობ მამუკაზეც, უბრალოდ ბადრის უფრო დიდი ხანია და უფრო კარგად ვიცნობ. უკიდურესად არადამაჯერებლად მეჩვენება მტკიცება, რომ ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრების სქემაში იყო გარეული", - განაცხადა ბრაიზამ.