გიორგი კვირიკაშვილი: დღეს ხელისუფლება აგრძელებს შეცდომების სერიას
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდება, თუ ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენებით მუხტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს მინელდება. როგორც ყოფილი პრემიერის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში არის აღნიშნული, ხელისუფლება ასცდა მოსახლეობის განწყობებს.
„დღეს ხელისუფლება აგრძელებს შეცდომების სერიას და ფიქრობს, რომ მუხტი მინელდება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომით. ეს, შესაძლოა, დროებით ასეც მოხდეს, მაგრამ პირველივე შემდეგი უხეში შეცდომის შემთხვევაში გაცილებით უფრო ფართო და სახიფათო ფორმით გამოვლინდება. ამის მიზეზი კი იქნება, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების აცდენა მოსახლეობის განწყობებთან, ანუ ლეგიტიმაციის დეფიციტი, რომელიც გამომდინარეობს ხელისუფლების ბოლო პერიოდის შეცდომებიდან და შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილის სულ უფრო მზარდი პოლიტიკური აპათიიდან, რაც, მათ შორის, გამოიხატება არჩევნებში მონაწილეობისგან თავშეკავებაში. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, პოლიტიკური დისკურსი დატოვოს ორპარტიულ პოლარიზებულ განზომილებაში და მიეცეს სახიფათო თვითდამშვიდებას.“ – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.