ელენე ხოშტარია: მურუსიძე გახდა უსირცხვილო აქტივისტი
მურუსიძე უსირცხვილო აქტივისტი გახდა, რომელიც პირდაპირ ჩაერთო პოლიტიკურ კამპანიაში, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილება.
ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი პაკეტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვს. ელენე ხოშტარიას თქმით, მას არ აქვს ილუზია, რომ ეს მოხდება, ის დეპუტატები კი, ვინც ამაში იღებენ მონაწილეობას, დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან.
„არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ თქვენ ახლა იმ ფარს შეწყვეტთ, რითიც იყავით დაკავებული მთელი ამ თვეების განმავლობაში, დაწყებული დეკემბრიდან, როდესაც საზოგადოებას კლანის სია ესროლეთ და გაგრძელებული იმით, რომ საკანონმდებლო პროცესში შეხვედით ტყუილით, ვითომ ვენეციის კომისიის დასკვნებზე სერიოზული მსჯელობა იქნებოდა. არა, ამოწურა ამ „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ რესურსი იმისა, რომ რაიმე ნორმალური ჩარჩოებით წავიდეს პროცესი. თქვენ ამ ყველა კრიტიკას, რა თქმა უნდა, არ მიაქცევთ ყურადღებას და არსად არაფერს არ დააბრუნებთ. უბრალოდ, რაც გუშინ ვიხილეთ, მურუსიძე, თქვენი პარტიის აქტივისტი, უსირცხვილო აქტივისტი, პირდაპირ ჩაერთო პოლიტიკურ კამპანიაში, და თქვენ ამ ტიპის აქტივისტებს ახვევთ თავს საზოგადოებას. ის აქტივისტი, ბიძინამ რომ თქვა, კარგი კაციაო, უკვე დანიშნულია უვადოდ და დადის, პოლიტიკურ კამპანიაში იღებს მონაწილეობას. ეს აქტივისტები კი, ახლა რომ გინდათ, ამ ვითომ კანონით გაიყვანოთ, კიდევ დაგვაჯდებიან თავზე, ამას ცდილობთ თქვენ. მინდა იცოდეთ, ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდით ამ უტიფრობისთვის, რითიც ხართ დაკავებული პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.