რუსეთის რეგიონებში მოითხოვენ გაზის დავალიანების ჩეჩნეთის მსგავსად ჩამოწერას
მანამდე გროზნოში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც კომპანია „გაზპრომ მეჟრეგიონგაზ“-ს დაავალა ჩეჩნეთის მოსახლეობისათვის 9 მილიარდი რუბლის დავალიანების ჩამოწერა.
სასამართლოს მიმართა პროკურატურამ, რომელმაც ჩათვალა, რომ დავალიანების ამოღება არარეალისტური იყო და საზოგადოებაში იწვევდა „სოციალურ დაძაბულობას“, რასაც შესაძლოა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყოლოდა. „გაზპრომი“ აპირებს გროზნოს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
2017 წლის ნოემბრიდან გროზნოში მოსახლეობას გაზმომარაგება უწყდებოდა დავალიანების გამო. დიდია დავალიანება ელექტრომომარაგების სფეროშიც.
ჩეჩნეთის ბიუჯეტის 80%-ს ფედერალური ცენტრიდან დოტაციები შეადგენს. ოპოზიციის ინფორმაციით, ამ შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის ფუფუნებაში ცხოვრებას.