მოსკოვი თბილისს ადანაშაულებს ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეთა მკვლელობის საქმის პოლიტიზებაში
მოსკოვის განცხადებითვე, თანათამჯდომარეთა წინადადებით შედგა აზრთა გაცვლა ჟენევის დისკუსიის ეფექტურობის ამაღლების თემაზე და რუსეთის დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ უფრო შედეგიანი მუშაობის უზრუნველყოფის ერთადერთი საშუალებაა საქართველოს წარმომადგენლების პირდაპირი დიალოგი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან და უარის თქმა სხვა საერთაშორისო მოედნებზე კონფრონტაციულ, პროპაგანდისტულ აქციებზე. „სამწუხაროდ, ეს მოწოდება არ მიიღო ქართულმა მხარემ, რომელმაც განაგრძო რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის უაზრო თეზისის გაშლა“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მისივე მტკიცებით, დისკუსიის მონაწილეებს, გარდა საქართველოს წარმომადგენლებისა, საერთო აზრი ჰქონდათ იმის თაობაზე, რომ სასაზღვრო ზონაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, საქართველოსთან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გადაკვეთის სტატისტიკა ადასტურებს, რომ თავისუფლად გადაადგილების პრობლემა არ არსებობს.