ქართულმა მხარემ არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადაცემა ამჯერად, ჟენევაში მოითხოვა
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაგმო ცხედრის დაგვიანებით, შინაგანი ორგანოების გარეშე გადმოცემა და რუსეთის მოუწოდა არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების დაუყოვნებლივ გადმოცემისაკენ, რათა შესაძლებელი გახდეს ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარება. საქართველოს წარმომადგენლებმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას და მოუწოდეს, ხელი არ შეუშალოს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას. თბილისის დელეგაციამ ასევე განაცხადა, რომ ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფა უკვე იქცა შემაშფოთებელ ტენდენციად, რისი დასტურიცაა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მიერ გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ხაზი გაუსვეს ამ საქმეებზე დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობას, ხოლო რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დასმულ საკითხებს ვერ გასცეს არგუმენტირებული პასუხები.