თბილისში, დადიანის ქუჩაზე, სარდაფში ნაპოვნი ცხედრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
სარდაფში ნაპოვნი ცხედრის საქმეზე შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული ა.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ბრალდებულმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე სარდაფში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეგობარს - 1981 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს, რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა.
როგორც შსს აცხადებს, დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.