გაეროს უშიშროების საბჭომ სასწრაფო შეხვედრა გამართა მთიან ყარაბაღზე
გაეროს მაღალჩინოსანმა 16 აგვისტოს ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს უთხრა, რომ ყველა შესაძლო გზით უნდა იყოს უზრუნველყოფილი მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" (ICRC) მიერ.
ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობისა და მხარდაჭერის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელის, ედემ ვოსორნუს თქმით, ICRC აკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია, "მაგრამ როგორც ერთ ორგანიზაციას, მას შეუძლია მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებები დააკმაყოფილოს. სხვა, ნეიტრალურმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ, ასევე უნდა მიაღწიოს იმ სამოქალაქო პირებამდე, ვისაც ის სჭირდება და უნდა გამოინახოს მდგრადი გადაწყვეტა ადამიანების და საქონლის უსაფრთხო და რეგულარული მიმოსვლისთვის".
ედემ ვოსორნუ ამ განცხადებებით გამოვიდა სასწრაფო წესით მოწვეულ სხდომაზე, რომელიც უშიშროების საბჭომ გამართა ჰუმანიტარული ვითარების დამძიმებაზე აზერბაიჯანის ძირითადად სომხებით დასახლებულ, სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში. ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, სხდომის გამართვას წინ უძღოდა გაეროში სომხეთის ელჩის, მჰერ მარგარიანის მიერ უშიშროების საბჭოსადმი მიწერილი წერილი - რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა "სრულმასშტაბიანი ჰუმანიტარული კატასტროფის პირასაა".
სომხეთიც და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული ხელმძღვანელობაც აცხადებენ, რომ აზერბაიჯანს რეგიონი დეკემბრის შემდეგ აქვს ბლოკირებული, რაც იწვევს საკვების, წამლებისა და ენერგიის დეფიციტს.