12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა დაზარალებულად ცნეს
12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში არსებული მტკიცებულებების დაზიანების გამო ბავშვის დედა ნატო ხუტაშვილი თბილისის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ინფორმაციას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველო", რომელიც ოჯახის ინტერესებს იცავს.
"ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს, თუ რა გარემოებებში მოხდა საკვანძო მტკიცებულებების შემცველი დალუქული პაკეტის მთლიანობის დარღვევა, რამაც გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებზე მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევებისა და ნადებების წარმოქმნა გამოიწვია", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
12 წლის ანი იანუშაიტიტე 17 მარტის ღამეს თბილისში, დიდ დიღომში, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე, მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლო.
მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო დასკვნა 28 აპრილს გასაჯაროვდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბავშვის სხეულზე აღმოჩენილია 40-მდე სხვადასხვა სახის დაზიანება, რომლებიც მოზარდს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული და ემთხვევა მისი გარდაცვალების დროს. რაც შეეხება გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს, დასკვნის თანახმად, გარდაცვალების ფაქტის დადგომა დაკავშირებულია ასფიქსიასთან.
საქმეზე შეგროვებული ნივთმტკიცებების ერთი ნაწილი დაზიანებულია. ეს იყო შეგროვებული მასალების ის ნაწილი, რომლითაც უნდა დადგენილიყო 12 წლის ანის სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.