ქუთაისში ადვოკატმა პროტესტის ნიშნად დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ადვოკატმა მარიამ ლევიძემ შიმშილობა შეწყვიტა. ექვსდღიანი შიმშილობის შემდეგ მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მარიამ ლევიძე დღეს, 18 ივლისს, გამოწერეს კლინიკიდან, რომელშიც 17 ივლისს მოათავსეს.
ადვოკატის თქმით, შიმშილობას, ექიმების მოთხოვნით, იძულებით წყვეტს.
„კომის რისკის ქვეშ ვიყავი და აღვადგინე საკვების მიღება. ამასთან, ჩემს კლიენტებს ვჭირდები, საქმეები გასაგრძელებელი მაქვს, ახლა წარმოებაში 30 საქმე მაქვს, ყველა რთულია და მშრალ შიმშილობაზე მყოფს, აღარ მქონდა ძალა და ენერგია, რაიმე მეკეთებია“, – ამბობს მარიამ ლევიძე.
ადვოკატი ძალადობაში ბრალდებული ძმების უფლებებს იცავს. ის სასამართლოსგან მოითხოვდა ძმებისთვის შემაკავებელი ორდერების გამოწერის გადაწყვეტილების გაუქმებას. მათ ორდერები ორი თვის წინ, წყალტუბოს პოლიციის რაიონულ სამმართველოში გამოუწერეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წაგების შემდეგ, ლევიძემ თქვა, რომ „მოსამართლეებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ ფაქტებზე და გარემოებებზე დაყრდნობით“, რის გამოც მან დაკარგა სამართლებრივი ბრძოლის იმედი და პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა.
რაც შეეხება თავად საქმეს, მიმდინარე წლის 24 მაისს 14 წლის გოგომ პოლიციაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ განაცხადა. მისი ჩვენების საფუძველზე მოზარდის მამასა და ბიძას ოჯახში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის (სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 126-ე პრიმა მუხლით) ბრალი წაუყენეს და დააკავეს.
დაკავებიდან მეორე დღეს, პოლიციამ ძმებს შემაკავებელი ორდერები გამოუწერა, სასამართლომ ისინი ხუთიათას-ხუთიათასლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმის არსებითი განხილვა კი აგვისტოში დანიშნა.
მარიამ ლევიძის განცხადებითვე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასულ კვირაში მიმართა განცხადებით, რომლითაც გადაწყვეტილების დასაბუთება მოითხოვა:
„ვითხოვ, მომაწოდონ ინფორმაცია, რა მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო, რადგან ბავშვის ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულება არ არის. ასევე ვითხოვ გადაწყვეტილების ტექსტის განმარტებას, სადაც წერია, რომ ძალადობა დადასტურებულია, რაც ადმინისტრაციულ საქმეში ვერ მოხდებოდა, სისხლის სამართლის საქმის პროცესი მიმდინარეობს და იქ უნდა დადასტურდეს, იყო თუ არა ძალადობა“.
ადვოკატ მარიამ ლევიძის თქმით, სასამართლოსგან განმარტებას ითხოვს, რათა მსგავსი გადაწყვეტილებები ძალაში არ შევიდეს და მავნე პრეცედენტები არ დამკვიდრდეს.