ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი დაამარცხა და კიდევ უფრო მიუახლოვდა საჩემპიონო ბრძრლას
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ქვემსუბუქი წონის მეცხრე ნომერმა, 26 წლის ილია თოფურიამ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა წონის მეხუთე ნომერი, 38 წლის ჯოშ ემეტი.
ჯექსონვილში (აშშ) გამართულ ბრძოლაში თოფურიამ მეტოქეს ხუთივე რაუნდი მოუგო.
როგორც სპორტული გამოცემები წერენ, ბრძოლა ქართველი სპორტსმენის კონტროლით წარიმართა, პირველ და მეორე რაუნდში "მატადორმა" (თოფურიას მეტსახელი) შედარებით ფრთხილად დაიწყო, ამერიკელი კი ძირითადად თავს იცავდა და თოფურიას მძიმე დარტყმებისგან თავის ასარიდებლად ბევრს მოძრაობდა.
მესამე რაუნდში თოფურამ დიდი უპირატესობა მოიპოვა, მეოთხე რაუნდში კი ბრძოლაზე სრული კონტროლი დაამყარა.
მეხუთე რაუნდი ამერიკელმა აქტიურად დაიწყო, თუმცა რაუნდის შუაში ქართველმა სპორტსმენმა მეტოქის წაქცევა და ბრძოლის წარმატებით დასრულება მოახერხა.
ილია თოფურია, რომელიც დაუმარცხებლად ასპარეზობს (UFC-ში 6:0, MMA-ში 14:0), ემეტთან გამარჯვების შემდეგ ქვემსუბუქი წონის საუკეთესო ხუთეულის წევრი გახდება, რითაც ის კიდევ უფრო მიუახლოევდება საჩემპიონო ბრძოლას.