ჩრდილოეთ კოსოვოში KFOR-ის სამხედროებმა იმოქმედეს ეთნიკური სერბების დასაშლელად
ჩრდილოეთ კოსოვოში 29 მაისს ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი ძალის, KFOR-ის სამხედროებმა იმოქმედეს ეთნიკური სერბი დემონსტრანტების დასაშლელად - რადგან ეთნიკურმა სერბებმა უგულებელყვეს მოწოდებები მოშორებოდნენ ზვეჩანში განთავსებულ მუნიციპალურ შენობებს, იმ ფონზე, როცა დაიწყო ძალადობრივი შეტაკებები უმრავლესობის წარმომადგენელ, ადგილობრივ სერბებსა და ეთნიკური ალბანელების მთავრობას შორის.
"თქვენ იწვევთ მღელვარებას. თქვენ საფრთხეს უქმნით საკუთარ თავს და თქვენს თემს. დატოვეთ არეალი და წადით შინ - წინააღმდეგ შემთხვევაში KFOR-ი იძლულებული იქნება იმოქმედოს" - ამ შინაარსის აუდიომესიჯი ისმოდა ადგილზე, სანამ არეალი კვამლში გაეხვეოდა.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტთა ცნობით, ბევრი დემონსტრანტი მიწაზე დაჯდა, როცა KFOR-ის სამხედროები მათ დასაშლელად დაიძრნენ. დანახულ იქნა ცრემლმდენი გაზი, აფეთქდა ხმოვანი ჭურვები - თუმცა ვიდეოჩანაწერები აჩვენებს, რომ მათი ნაწილი დემონსტრანტთა მხრიდან იყო გაშვებული. დემონსტრანტებმა KFOR-ის სამხედროებს ქვები და ბოთლებიც დაუშინეს. ნატოს წარმომადგენელთა თქმით, დაშავდა KFOR-ის ოცამდე სამხედრო.
მანამდე, 29 მაისს ეთნიკური სერბები შეეცადნენ, დაეკავებინათ ადგილობრივი ხელისუფლების შენობები, სადაც გასულ კვირაში ალბანელი მერები შევიდნენ პოლიციის დახმარებით. როგორც თვითმხილველები იტყობინებოდნენ, კოსოვოს პოლიცია და ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი კოსოვოს ძალები იცავდნენ მუნიციპალიტეტის შენობას ზვეჩანში, ერთ-ერთში იმ ოთხი მუნიციპალიტეტიდან, რომელიც გასულ თვეში ვადამდელ არჩევნებს ატარებდა და რომელსაც ფართო მასშტაბის ბოიკოტი გამოუცხადეს ეთნიკურმა სერბებმა. მერის პოსტებსა და საბჭოებში არჩეულ იქნენ მხოლოდ ეთნიკური ალბანელები ან სხვა უმცირესობათა წარმომადგენლები.
კოსოვოს ომის (1998-1999 წწ.) დასრულებიდან თითქმის ათი წლის შემდეგ სერბეთისგან კოსოვოს 2008 წელს ცალმხრივ გამოყოფას კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონში მცხოვრები სერბები არ აღიარებენ და კვლავ ბელგრადს მიიჩნევენ თავიანთ დედაქალაქად.
კოსოვოს მოსახლეობის 90%-ს ეთნიკური ალბანელები შეადგენენ, სერბები კი მხოლოდ ჩრდილოეთ რეგიონში წარმოადგენენ უმრავლესობას. კოსოვო აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობის დიდმა ნაწილმა. ის არ უცნია ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოს. სერბეთის ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობას არ ცნობს გაეროს უშიშროების საბჭოს ორი წევრი, ჩინეთი და რუსეთი.