რუსეთი აღიარებს ბახმუტიდან ჩრდილოეთით უკანდახევას
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა უკანდახევა პოზიციებიდან ბახმუტის ჩრდილოეთით. ბახმუტი უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქია, რომელიც გასული ზაფხულიდან მძიმე ბრძოლების არეალია მის დამცველ უკრაინის არმიას და რუსეთის ძალებს შორის.
12 მაისს გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა თქვა, რომ რუსეთის არმიამ ბერხოვსკის წყალსაცავზე „ახალი ზღუდა აიღო“ „მისი ხელსაყრელი პირობების გათვალისწინებით“ (ციტატა სამინისტროს ტელეკომპანია „ზვეზდას“ მიერ).
სინამდვილეში, ეს ნიშნავს უკან დახევას ბოგდანოვკას მხარეში. ამის და უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევის შესახებ მანამდე „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა, რუსმა სამხედრო ბლოგერებმა და უკრაინის არმიამ გაავრცელეს ინფორმაცია.
Reuters-ის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ახლა ორივე მხარე იტყობინება უკრაინის ყველაზე დიდი წარმატებების შესახებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, თუმცა უკრაინა ბევრ დეტალს არ ავრცელებს.
სამინისტროს წარმომადგენლის, თქმით, უკრაინამ დაიწყო შეტევა ბახმუტიდან ჩრდილოეთით 1000-ზე მეტი ჯარისკაცითა და 40-მდე ტანკით - ეს ის მასშტაბია, რომ მისი დადასტურების შემთხვევაში, ეს უკრაინის ყველაზე დიდი შეტევა იქნება ნოემბრის შემდეგ.
რუსეთის ჯარის უკან დახევა შესაძლებლობას აძლევს უკრაინის შენაერთებს გააკონტროლონ ჩასივ იარისკენ მიმავალი ერთადერთი გზა, საიდანაც მომარაგებას იღებენ ისინი ბახმუტში. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ამას, პერსპექტივაში, შეიძლება მისი დაქირავებული მეომრების ალყაში მოქცევა მოჰყვეს ქალაქს შიგნით. ამის შესახებ რუსეთის არმიას კომენტარი არ გაუკეთებია. "მტერმა მთლიანად გაათავისუფლა ჩასივ იარ - ბახმუტის გზა, რომელიც ჩვენ გადავკეტეთ. მტერს ახლა შეუძლია ამ გზის გამოყენება, და მეორეც, მათ აიღეს ტაქტიკური მაღლობი, რომლის ქვეშაც მდებარეობს ბახმუტი", - თქვა პრიგოჟინმა, რომელმაც უკანასკნელი კვირის განმავლობაში არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის არმია იმის გამო, რომ ვერ უზრუნველყო მისი რაზმების მომარაგება ბახმუტში.
უკრაინის არმიის აღმოსავლეთის სარდლობის წარმომადგენელმა, სერჰი ჩერეტიმ განაცხადა 12 მაისს, საღამოს, რომ ბოლო სამ დღეში უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს გაეთავისუფლებინათ ბახმუტის რაიონის 17 კვადრატული კილომეტრიანი ნაწილი.
რუსეთის მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორი რაკეტა მოხვდა სამრეწველო კომპლექსს ლუგანსკში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დაახლოებით 100 კმ-ში ფრონტის ხაზის უკან. ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნდა, ნაჩვენებია კვამლის უზარმაზარი სვეტები ქალაქის თავზე. თავდასხმა, რომელიც უკრაინის მიერ ადრე განლაგებული მთავარი საბრძოლო რაკეტების მოქმედების რადიუსს მიღმა მოხდა, განხორციელდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ბრიტანეთმა განაცხადა, რომ აგზავნიდა უფრო შორი მოქმედების ფრთოსან რაკეტებს.
წინა დღით რუსეთის წყაროების იტყობინებოდნენ, რომ უკრაინის არმიამ დაიწყო სრულმასშტაბიანი იერიში, რაც მოგვიანებით ნაწილობრივ იქნა უარყოფილი. უკრაინის სარდლობას ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია 12 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ შეძლო რუსეთის ძალების შეჩერება და ზოგიერთი მიმართულებით „მათი უკან განდევნაც“.