მიხეილ სააკაშვილი: აშშ-ს უყვარს ერები, რომლებიც თვითონ იბრძვიან თავისუფლებისთვის
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" წერილს აქვეყნებს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების შესახებ. ექსპრეზიდენტი გამოეხმაურა აშშ-ის მიერ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას, ამასთან, მისთვის მიუღებელია ამერიკის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები.
„მე მილანძღავენ ჩემს ამერიკას, რომელმაც ათი ათასობით სხვა ქართველთან ერთად, წამიყვანა და უფასოდ მასწავლა. ყველა გონს უნდა მოვეგოთ და დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს. ნუ ვაძლევთ საშუალებას აფურთხონ იმ ჯამში, საიდანაც მთელი ეს დრო წყალს ვსვამდით. ესენი უფსკრულში, უბედურებაში მიგვათრევენ და თითოეულის გადასაწყვეტია მივყვებით იქ, დავიღუპავთ ჩვენს თავსაც და ქვეყანასაც, თუ ვდგებით ერთად, ვქმნით წინააღმდეგობის მოძრაობას, დაფუძნებულს არა პარტიულ კუთვნილებაზე, ან წარსულის მოგონებებზე, არამედ ჩვენს ქართულ გენზე, თავისუფლების სიყვარულზე და თავისუფლებისაკენ დაუღალავ სწრაფვაზე.
სანქციების დაწესებით ამერიკამ მხარი დაუჭირა მარტში ჩვენს ბრძოლას. ამიტომ, თუ ბევრად მძლავრად გამოვალთ, მხარდაჭერაც ერთიათად გაძლიერდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებს უყვარს ერები, რომლებიც თვითონ იბრძვიან თავისუფლებისთვის, რის შემდეგაც ისინი მათ დახმარებას მოვალეობად თვლიან.
ვარდების რევოლუციის დროს, დასაწყისში, ისინი არ გვიჭერდნენ მხარს და მხოლოდ მაშინ, როცა დაინახეს, რომ უკან არ დავიხევდით, პრეზიდენტის ჩართულობით დაგვიჭირეს მხარი", - ნათქვამია „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე სააკაშვილის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ყოფილი პრეზიდენტი მხარდამჭერებს მოუწოდებს 9 აპრილს თბილისში დაგეგმილ აქციაზე გამოვიდნენ.
5 აპრილს აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს;
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს.
აშშ-ს საელჩომ საქართველოში განმარტა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედ თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. მათი კორუფციული ქმედებებით ისინი აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის მთავრობისგან მტკიცებულებები მოითხოვა.