რუსი მსახიობები და მწერლები ხელისუფლებას სთხოვენ, არ დააშორონ მაშა მოსკალევა თავის მამას
რუსმა მსახიობებმა, მწერლებმა და ჟურნალისტებმა გამართეს აქცია მაშა მოსკალევას მამასთან დაბრუნების მოთხოვნით მას შემდეგ, რაც 13 წლის სკოლის მოსწავლე ომის საწინააღმდეგო ნახატის გამო მშობელს დააშორეს და თავშესაფარში გადაიყვანეს.
ჩულპან ხამატოვა, ანატოლი ბელი, არტურ სმოლიანინოვი, დიმიტრი ბიკოვი, არტურ სოლომონოვი, კირილ ნაბუტოვი და ტატიანა ლაზარევა რიგრიგობით კითხულობენ გოგონას დაპატიმრებული მამისადმი გაგზავნავნილ წერილს. შესაბამისი „ფლეშმობის“ ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს ტელეგრამის არხი "ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ".
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ არ დააშორონ ქალიშვილი მამას და არ ჩამოართვან ალექსეი მოსკალევს მშობლის უფლებები.
28 მარტს ეფრემოვსკის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი მოსკალევს ორი წელი მიუსაჯა საერთო რეჟიმის კოლონიაში. ბრალდებული შეხვედრაზე არ იმყოფებოდა, რადგან წინა დღეს შინაპატიმრობიდან გაიქცა.
ალექსეი მოსკალევის დაპატიმრების შემდეგ, მისი ქალიშვილი, რომელიც მან მარტო გაზარდა, თავშესაფარში აღმოჩნდა, სწორედ იქ დაწერა მაშამ მამის მხარდამჭერი წერილი.
"იცოდე, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, გამარჯვება ჩვენი იქნება. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ერთად ვართ, გუნდი ვართ, შენ საუკეთესო ხარ. გთხოვ, მხოლოდ არ დანებდე. რწმენა, იმედი და სიყვარული გქონდეს. ერთ დღეს მაგიდასთან დავსხდებით და ამ ყველაფერს გავიხსენებთ. მე შენ მიყვარხარ, იმედი მაქვს, არა, მე ვიცი, რომ არ დანებდები, შენ ძლიერი ხარ, ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ შევძლებთ. მე კი ვილოცებ შენთვის და ჩვენთვის, მამა", - ნათქვამია ცამეტი წლის მაშა მოსკალევას წერილში.
მაშას ოჯახი გასული წლის მაისიდან არის რეგისტრირებული "სოციალურად საშიში ოჯახების პრევენციულ რეესტრში". გასულ გაზაფხულზე ალექსეი მოსკალევის ქალიშვილმა კლასში ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა. ამის გამო სკოლის დირექტორი პოლიციას დაუკავშირდა. მოსკალევების ბინაში ჩხრეკა ჩატარდა.
მამის სოციალურ ქსელებში პოლიციამ იპოვა უკრაინის მხარდამჭერი კომენტარები და ასევე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კარიკატურები. ამის შემდეგ ალექსეი მოსკალევის წინააღმდეგ ჯერ შედგენილი იქნა ოქმი, ადმინისტრაციული კოდექსის მუხლით რუსეთის არმიის დისკრედიტაციის შესახებ, მიესაჯა 32 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა, შემდეგ კი იმავე ბრალდებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
რუსული არმიის დისკრედიტაციის განმეორებით მცდელობის ბრალდებით მაშას მამა 1 მარტს გამთენიისას დააკავეს, როცა ის სამსახურში უნდა წასულიყო. სახლიდან წაიღეს ლეპტოპი და ფული, რაც ოჯახს ჰქონდა, უყვება Insider-ს მოხალისე ელენა აგაფონოვა.