სოხუმში „აფხაზური პასპორტების“ საერთაშორისო აღიარებას მოელიან
ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ წამოჭრა „აფხაზეთის ეროვნული პასპორტების“ სამგზავრო დოკუმენტად აღიარების აუცილებლობის საკითხი. ამის შესახებ გამოცემა Нужной газете-სთან ინტერვიუში „საგარეო საქმეთა მინისტრის“ მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ განაცხადა.
„ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკას ვეყრდნობით - არსებობს პრეცედენტები მსოფლიოში - ეს, რა თქმა უნდა, არის კოსოვო, ტაივანი, ჩრდილოეთ კვიპროსი. თუ ვსაუბრობთ კოსოვოზე, მაშინ ევროკავშირში არის ქვეყნები (ესპანეთი, საბერძნეთი, სლოვენია), რომლებიც არ ცნობენ კოსოვოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მაინც აღიარებენ კოსოვოს პასპორტებს და ამ ქვეყნის პასპორტებზე ვიზებს გასცემენ“, - განაცხადა მან.
ტუჟბა ირწმუნება, რომ „აფხაზური პასპორტების“ "აღიარება" არ ნიშნავს "აფხაზეთის ავტომატურ აღიარებას".
„ევროკავშირის პოზიცია საკმაოდ მკაცრი და კონსერვატიულია. ამერიკელი კოლეგები, მათგან განსხვავებით, ისე მაინც იქცევიან, თითქოს დაინტერესებულნი იყვნენ, რომ როგორმე აპირებენ ამ საკითხის მოგვარებას. ჯერჯერობით პრაქტიკულ ნაბიჯებს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ გვაიმედებენ, გვარწმუნებენ, რომ შეეცდებიან მოძებნონ რაიმე ფორმები ამ საკითხის მოსაგვარებლად“, - განაცხადა ტუჟბამ.
მისი თქმით, აფხაზეთში საკმაოდ ბევრი ადამიანი (25-30%) ცხოვრობს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ აქვთ ორმაგი მოქალაქეობა, იგულისხმება რუსეთის მოქალაქეობა.
„ესენი ძირითადად არიან ახალგაზრდები, რომლებიც აბსოლუტურად მოკლებული არიან აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მოგზაურობის შესაძლებლობას, რუსეთის გარდა. ჩვენთან საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გვყავს კოლეგები, რომლებსაც არ აქვთ რუსეთის მოქალაქეობა “, - დასძინა ტუჟბამ.
გასული წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე "გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტების" არაღიარების თაობაზე.
მანამდე ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, არ აღიაროს რუსეთის მიერ "უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში" გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები.
საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. ამ ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ.