ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლის არმიწვევას
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებით გამოეხმაურა 28 თებერვალს გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას. ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი დასასწრებად არ ყოფილა მიწვეული.
„განხილული საკითხები, რომელიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ტენდენციებს, და მათ შორის, „უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს“, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განხილვას, ყველა შემთხვევაში, მოითხოვდა პრეზიდენტის წარმომადგენლის საბჭოზე დასწრებას.
უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ დააყენა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საკითხი. ასევე, ხაზი გაუსვა, ამ ფორმატში, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლით არსებული გამოწვევების შესწავლის აუცილებლობას, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია", - ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის ამ განხილვების გარეთ დატოვება.
28 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამავე დროს არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა. სხდომის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონის თანახმად, რომლის საფუძველზეც საქმიანობს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, ნათქვამია, რომ „საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმირების მიზნით საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნომინირებული და ნდობით აღჭურვილი პირი".
წინა სხდომა 2022 წლის 4 ნოემბერს გაიმართა.