სტოლტენბერგი: უკრაინა ნატოს წევრი გახდება შორეულ პერსპექტივაში, ჯერ მან სუვერენიტეტი უნდა შეინარჩუნოს
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება „შორეულ პერსპექტივაში“, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უახლოესი მომავლის პრობლემაა, უკრაინამ დაძლიოს რუსეთის აგრესია და შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა.
სტოლტენბერგმა ეს განცხადება 28 თებერვალს გააკეთა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში. მისი თქმით, „საკითხი ისე დგას, რომ უკრაინამ შეინარჩუნოს სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი და ამიტომ აუცილებელია, დავეხმაროთ უკრაინას“.
შარშან თებერვალში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს სთხოვა, დაჩქარებული წესით მიიღოს უკრაინა თავის რიგებში.
2022 წლის თებერვალში უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე შეიტანა განაცხადი და ივნისში კანდიდატის სტატუსი მიიღო.
როცა ომი დასრულდება, „უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ისტორია არ გამეორდეს,“ თქვა სტოლტენბერგმა ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანა მარინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. „პუტინმა ვერ უნდა გააგრძელოს მეზობლებზე თავდასხმა. მას სურს უკრაინის კონტროლი და ის არ გეგმავს მშვიდობას, ის უფრო მეტ ომს გეგმავს“.
„ჩემი აზრით, უკრაინის მომავალია, იყოს ევროკავშირის ნაწილი და ასევე ნატოს წევრი“, - დასძინა სანა მარინმა.