სააკაშვილის საქმეზე მოსამართლემ თარჯიმნის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმე განიხილება, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა თარჯიმან ლევან მეტრეველის აცილება მოითხოვა, მისი საჯარო განცხადებების გამო. მოსამართლე გიორგი არევაძემ შუამდგომლობა პირობის სანაცვლოდ არ დააკმაყოფილა.
"ბატონი ლევანის განცხადებები ეხებოდა პენიტენციურ სამსახურს, მის წარმომადგენლებს, ვფიქრობთ, თარჯიმნად მოწვეული პირი ცალსახად მიკერძოებულია და არსებობს მისი აცილების საფუძველი", - თქვა სხდომაზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განმარტა, რომ თარჯიმან ლევან მეტრეველს ამერიკაში აქვს მიღებული სამედიცინო განათლება და სწორედ აქედან გამომდინარე მოიწვიეს ის. მანვე აღნიშნა, რომ თარჯიმანი გაფრთხილებულია ცრუ თარგმნის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზეც.
მოსამართლე გიორგი არევაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და თარჯიმანს შუამდგომლობის განხილვის დასრულებამდე საჯარო განცხადებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
"თარჯიმანს, ვფიქრობ, ობიექტურობის შენარჩუნება მოეთხოვება, ის არაა მხარე, განცხადებები სხვის გასაგონად არ უნდა გააკეთოს. დღეის მდგომარეობით, აცილებაზე შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებ, თუმცა პირობა მოჰყვება - საჯარო სივრცეში თავი უნდა შეიკავოთ საჯარო განცხადებებისაგან, მინიმუმ იმ ეტაპზე, ვიდრე შუამდგომლობის განხილვა დასრულდება", - თქვა მან.
თარჯიმანმა მოსამართლეს უპასუხა, რომ "ამის პირობას ვერ გასცემს", რადგან ის განცხადებებს აკეთებს როგორც მოქალაქე და არა როგორც მთარგმნელი. მოგვიანებით, მან მოსამართლეს დასაზუსტებლად ჰკითხა, სხდომებზე მთარგმნელობითი საქმიანობის დასრულების შემდეგ, შეეძლება თუ არა საჯარო განცხადებების გაკეთება ამ საქმეზე, რაზეც გიორგი არევაძისგან დადებითი პასუხი მიიღო. "თუ ეს ასე იქნება, მე ვენდობი თქვენს ნათქვამს. თუკი ასე არ მოხდება, მაშინ კიდევ ერთხელ დადგება, ალბათ, ეს [აცილების] საკითხი", - თქვა მოსამართლე არევაძემ.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, 11 იანვარს, არ დასწრებია თავის საქმეზე შუამდგომლობის განხილვის სხდომას - თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.