ესტონეთი ამზადებს გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის გეგმას
ესტონეთი აპირებს იანვრის ბოლოს წარადგინოს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის და უკრაინისთვის მათი გადაცემის სამართლებრივი გეგმა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მიკჰელ ტამის განცხადებაზე დაყრდნობით წერს სააგენტო „ბლუმბერგი“.
მთავრობამ შესაბამის სამინისტროებს გეგმის მომზადება დეკემბერში დაავალა. ესტონეთს გაყინული აქვს 20 მილიონი ევროს რუსული აქტივები.
ტალინი საკუთარ გეგმას წარმოადგენს იმ დროისთვის, როცა ევროკომისიამ უნდა შეიმუშაოს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციების შედეგად რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის გაყინული 300 მილიარდი ევროს რეზერვის და სანქცირებული რუსებისთვის გაყინული ქონების განკარგვის შეთანხმება. შესაბამისად, ესტონეთის გეგმამ შესაძლოა, განსაზღვროს ევროკავშირის დონეზე მისაღები გადაწყვეტილებაც.