ყიფშიძის თქმით, ციხეში პრაქტიკულად შეუძლებელია სააკაშვილის მკურნალობა
რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. მისი ინფორმაციით, სააკაშვილი დამატებით სამმა ექიმმა უნდა შეამოწმოს.
„პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომაროება საკმაოდ რთულია. ახლა იქ იყო კიდევ ერთი კონსილიუმი დანიშნული. მე არ ვიცი რამდენი ხანი გავატარეთ, იყო ნევროპათოლოგი და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი. ჩავატარეთ კონსილიუმი, გავსინჯეთ, აღმოჩნდა, რომ კიდევ საჭიროა სამი დამატებითი კონსულტანტის გამოძახება. ესენი არიან ოფთალმოლოგი, ოტოლარინგოლოგი და კარდიოლოგი. ე.ი. პრობლემა უფრო და უფრო რთული ხდება. მე ნამდვილად არ ვიცი ამ ორგანიზაციაში როგორ გავაგრძელოთ ეს მკურნალობა. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია", - თქვა ექიმმა.
ექიმი მოითხოვს სააკაშვილის გადაყვანას მრავალპროფილურ კლინიკაში.
„წარმოიდგინეთ, დღეს მოვიყვანეთ ორი სპეციალისტი. ერთი არის ნევროპათოლოგი, პროფესორი სანდრო ცისკარიძე. ის შემოვიდა აქ თავისი პატარა ჩაქუჩით, მეტი არაფერი ჰქონდა ხელში. ასევე იმყოფებოდა კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი, პროფესორი გოცაძე. დაახლოებით ორი საათი ვუყურებდით პაციენტს, ვსინჯავდით. სჭირდება დამატებითი აპარატურა ამ ყველაფერს. აღმოჩნდა, რომ არის პრობლემა სინუსიტის, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. შეიძლება, ჰქონდეს შუა ყურის ანთება, რომელმაც შეიძლება, ასევე ძალიან სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ე.ი. კიდევ უნდა დავამატოთ მინიმუმ სამი სპეციალისტი. თვალის ექიმს, რომ თავისი აპარატურა სჭირდება. აქ საიდან მოვიტანო?!“ - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.
მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.