ზურაბიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი დესტაბილიზაციისთვის დაბრუნდა და არ შეიწყალებს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ იწყალებს. მან საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ამ საკითხს აღარ დაუბრუნდება.
"რადგან ეს საკითხი კიდევ მუსირებს, ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია - არა და არასოდეს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულო მსხვერპლის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოსული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამის მიუხედავად, მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად, ეს მოითხოვს პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომის მიღებას, რადგან ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნა გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე. ეს არის და ეს - ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები", - თქვა ზურაბიშვილმა.
თითქმის 1 თვის წინ, ზუსტად პირველ ოქტომბერს, როცა სამართალდამცავებმა სააკაშვილი დააკავეს, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მას არ შეიწყალებდა.
"ქვეყნის პრეზიდენტისთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არაა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე, თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო. არა და არასოდეს", - თქვა 1 ოქტომბერს ზურაბიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აცხადებენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.