NDI საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ
![NDI საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ](https://gdb.rferl.org/1AC03056-5A3E-4CBF-A5C1-F778937337A4_cx0_cy12_cw0_w800_h450.jpg)
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან მაღალი დონის ონლაინ შეხვედრები გამართა. ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.
"შეხვედრები მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას; ამასთან, გამოხატავდა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეხვედრაზე ჩამოსულ გუნდს უძღვებოდნენ მადლენ ოლბრაიტი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ჰოვარდ დინი, ვერმონტის შტატის ყოფილი გუბერნატორი და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში; კენეთ უოლაკი, ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და NDI-ის ყოფილი პრეზიდენტი. გუნდის სხვა წევრებს შორის იყვნენ აშშ-ის კონგრესისა და NDI-ის უფროსი წარმომადგენლებიც.
"დემოკრატია მუდმივ პროგრესს მოითხოვს, ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია კი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია... სამწუხაროდ, დესტრუქციული პოლიტიკური მეტოქეობა ქვეყანას, ინსტიტუტებსა და მოქალაქეებს ზიანს აყენებს. დემოკრატიის გასაძლიერებლად აუცილებელია დიალოგი, ჩართულობა და კომპრომისი. ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნისთვის მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული", - განაცხადა მადლენ ოლბრაიტმა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.
NDI აცხადებს, რომ წლევანდელი არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს, რომ დემოკრატიული პრინციპების დაცვითა და მოქალაქეების საჭიროებებზე ყურადღების გამახვილებით საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისადმი თავიანთი ერთგულება დაამტკიცონ.
"კონსტრუქციული დიალოგი პასუხისმგებლიანი და წარმომადგენლობითი მმართველი სისტემის აუცილებელი კომპონენტია. ქართულ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები სრულიად მიუღებელია... მთავრობამ იმ ჯგუფების პასუხისმგებლობა უნდა უზრუნველყოს, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას, მათ შორის დამოუკიდებელ მონიტორინგს, საარჩევნო პროცესების ანალიზსა და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების მოსაზრებების გაჟღერებას. ეს მმართველ გუნდად ყოფნის ტვირთი", - თქვა ყოფილმა გუბერნატორმა ჰოვარდ დინმა.
ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგიონში არასტაბილურობისა და მსოფლიოში ავტორიტარიზმის ზრდის ფონზე, აუცილებელია ამ საკითხების გადაწყვეტა, რათა გამყარდეს საქართველოს პოზიცია ევროპული ერების ოჯახში, გაძლიერდეს უსაფრთხოება და გაძლიერდეს ტრანსატლანტიკური პარტნიორობა.
"სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები ახალი არ არის. ეს პრობლემები ქვეყანას სხვადასხვა მთავრობების დროს აწუხებდა... ყველა პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ეს გამოწვევები მომავალ ადმინისტრაციებსაც არ გადაეცეს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას ლიდერობის უფრო დიდი ტვირთი აქვს, ოპოზიციური პარტიებიც კეთილსინდისიერად უნდა ჩაერთონ ამ პროცესებში", - აღნიშნა ელჩმა პერ ეკლუნდმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იმართება. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს და ფიქრობს, რომ თუ მმართველი პარტია "შარლ მიშელის შეთანხმების" შესაბამისად ხმების 43 პროცენტს ვერ აიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. "ქართულმა ოცნებამ" ეს შეთანხმება დატოვა და აცხადებს, რომ 2024 წლამდე არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.