ე.წ. მოსმენების კანონი - "ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს
ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო.
ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ კანონი არაკონსტიტუციურია და აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში მათი შენიშვნების გათვალისწინებას ითხოვენ.
„ჩვენ ყველა საპარლამენტო მეთოდი ამოვწურეთ, რათა ხელი შეგვეშალა ამ მავნებლური კანონის მიღებისთვის, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ და ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა არც პოლიტიკური პარტიების, არც საპარლამენტო უმცირესობის, არც არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები. ასევე, მათ უტიფრად გადაძლიეს პრეზიდენტის ვეტო და რეალურად მიიღეს უფლებადამრღვევი კანონი, რომელიც შევიდა ძალაში. შესაბამისად, ევროპული საქართველოს უმთავრესი მიზანია, მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი პირადი ცხოვრება იყოს დაცული,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.