გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები დაგმეს
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები ერთხმად დაგმეს.
რუსეთის წარმომადგენლის გარდა ამ საკითხზე ყველას ერთიანი პოზიცია ჰქონდა. საბჭოს წევრებმა დაგმეს როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, ასევე გამშვები პუნქტების დახურვა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი რეფერენდუმი.
მათ ასევე გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაეროში უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე იმსჯელეს.
საკითხი უკრაინის წარმომადგენლებმა დააყენეს. უკრაინის და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს.
„ერთხმად დაგმეს ის, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არჩევნები ე.წ. საპარლამენტო, რომელიც აფხაზეთში გაიმართა, დაგმეს საკონტროლო პუნქტების დახურვა. წინასწარ ის მოსალოდნელი რეფერენდუმი სახელის შეცვლასთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონში და ცალსახად დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა,“-განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, კახა იმნაძემ.