დამოუკიდებელი ორგანო მოსმენებზე კონტროლის განსახორციელებლად - ეკა გიგაური განმარტებებს აკეთებს
ხვალიდან მოსმენების კანონში შესატან ცვლილებებზე აქტიური მუშაობა იწყება. სამუშაო ჯგუფში ძალოვანი და საგამოძიებო უწყებები, პოლიტიკური ჯგუფები და მესამე სექტორი ჩაერთვებიან.
ეკა გიგაურის თქმით, შეხვედრაზე მხოლოდ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, ხოლო მთავრი საკითხი, თუ რომელი უწყება განახორციელებს მოსმენებზე კონტროლს, არ გარკვეულა.
გიგაური აცხადებს, რომ საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ოპტიმალური იქნება დამოუკიდებელი სამსახურის შექმნა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი განმარტავს, საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება. მისი თქმით, მათი მიზანიც არის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იყოს.
„გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავაც დასჭირდებათ საგამოძიებო ორგანოებს სასამართლო დასტური. ეს არის ის საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც არსებობს. გარე კონტროლის მექანიზმებიც გათვალისწინებულია ჩვენს კანონპროექტში. ჩვენ აქ ვხედავთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის როლსაც, რომელსაც ექნება მყისიერი რეაგირების უფლება,“-აცხადებს ეკა გიგაური.
მისი თქმით, დიდი როლი ენიჭება სპეციალურ კომისიას, რომლის შემადგენლობაში დეპუტატებთან ერთად ტექნიკური კვალიფიკაციის მქონე პირებიც შევლენ.